საბავშვო ევროვიზია: კონკურსში 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას

0
186

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდა ვარსკვლავი ეწვევა. ღონისძიება 26 ნოემბერს ჩატარდება.

პირველად ევროვიზიის ისტორიაში, ამოქმედდება ხმის მიცემის განახლებული სისტემა, რაც გულშემატკივარს მისცემს შესაძლებლობას, რჩეულ შემსრულებელს მისცეს ხმა ონლიან რეჟიმში.

განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცევა საქართველო, თბილისი – შთამბეჭდავი ისტორიითა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით.

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორია ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU), ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრ მაუწყებლებთან ერთად. ღონისძიება 2003 წლიდან იმართება. საბავშვო ევროფესტივალში  9-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები მონაწილეობენ.

შენობა-ნაგებობა, რომელშიც 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი ჩატარდება უკვე ცნობილია

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-15 კონკურსს 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. კონკურსის ჩატარება თბილისის სპორტის სასახლეში იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. თბილისის ოლიმპიური სასახლე მეტად მოსახერხებელია დელეგაციებისთვის, მედიის წარმომადგენლებისთვისა და გულშემატკივართათვის.

ხმის მიცემის წესი 2017 წელს

2017 წელს მნიშვნელოვანი ცვლილება არის ხმის მიცემის პროცედურაში –  ხმის მიცემა ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.

ონლაინ ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება 24 ნოემბერს და 26 ნოემბერს შეწყდება.

გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე მოისმინოს ყველა საკონკურსო სიმღერა, ნახოს საკონკურსო მუსიკალური ნომრების ფრაგმენტები, მონაწილეთა რეპეტიციების ერთწუთიანი ვიდეორგოლები და გააკეთოს არჩევანი.

26 ნოემბერს, ლაივ-შოუ საკონკურსო ნაწილის დასრულებისას ხმის მიცემის პროცედურა 15 წუთით განახლდება.

დამატებითი ინფორმაცია ხმის მიცემის წესისა და სხვა დეტალების შესახებ უახლოეს დღეებში გაირკვევა.

„მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ მე-15 საბავშვო ევროფესტივალს. წლების განმავლობაში, ევროვიზიის ისტორიაში  ჩვენ ვნახეთ უნიჭიერესი ბავშვები, რომელთაგან ბევრი დღეს წარმატებული ხელოვანია. წელს ხმის მიცემის განახლებული სისტემა მილიონობით მაყურებელს მისცემს შესაძლებლობას ჩაერთოს კონკურსში და გააკეთოს არჩევანი,” –  განაცხადა EBU-ის წარმომადგენელმა, საბავშვო ევროვიზიის აღმასრულებელმა პროდიუსერმა ჯონ ოლა სენდიმ.

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 16 ქვეყანა მონაწილეობს, ეს ქვეყნებია:

ალბანეთი
სომხეთი
ავსტრალია
ბელარუსი
კვიპროსი
მაკედონია
საქართველო
ირლანდია
იტალია
მალტა
პოლონეთი
პორტუგალია
რუსეთი
სერბეთი
ნიდერლანდები
უკრაინა

აღსანიშნავია, რომ  2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, პორტუგალია 10-წლიანი პაუზის შემდეგ, საბავშვო ევროფესტივალს დაუბრუნდა. ქვეყანამ კონკურსში მონაწილეობა ბოლოს 2007 წელს მიიღო.

2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებულის მარიამ მამადაშვილის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წინსვლა და სიახლეებია. ის სწავლობდა ბროდვეის მეთოდოლოგიის აკადემიაში (Broadway Method Academy), მარიამი მიიწვიეს ნიუ იორკის სააგენტოში Take 3 Talant. მარიამის წარმატება კარგი მაგალითია იმისა, რომ 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებულს წინ მრავალი სიახლე ელის.

 

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here